Term of users agreement LAW
2022 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონი მნიშვნელოვანი მექანიზმია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით.


1. მომხმარებლის უფლებების დაცვა
კანონი არეგულირებს ურთიერთობებს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის. მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც არაკომერციული მიზნით ყიდულობს საქონელს ან მომსახურებას.
კანონით გათვალისწინებულია დებულებები მოვაჭრის და მომხმარებლის ძირითადი უფლებები და ვალდებულებების, დისტანციური ხელშეკრულების და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების (უფრო მეტი გაიგეთ აქ), სამომხმარებლო ხელშეკრულების, ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების, უსამართლო კომერციული საქმიანობის შესახებ, ასევე, კანონით დადგენილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.

2. კომერციული გარანტია
კანონით გათვალისწინებულია კომერციული გარანტიის შესახებ დებულებები. კომერციული გარანტია არის მოვაჭრის ან მწარმოებლის მიერ ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს.

მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული კომერციული გარანტია, მათ შორის, რეკლამაში მოცემული პირობები.
თუკი მომხმარებელი მოითხოვს, სავალდებულოა, რომ მას კომერციული გარანტია მიეწოდოს წერილობითი ან მის მიერ მოთხოვნილი სხვა ფორმით. შესაბამისად, თუკი რეკლამაში ბიზნესი გააჟღერებს მისი პროდუქციის შესახებ კომერციულ გარანტიას, ის ვალდებული იქნება იგივე გარანტია გასცეს წერილობითი ფორმითაც, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ კომერციული გარანტიის პირობები არ უნდა აუარესებდეს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს, რაც მინიჭებული აქვს მომხმარებელს.

3. ვადები
კანონი ადგენს რამდენიმე ვადას, რაც გასათვალისწინებელია მომხმარებელთან ურთიერთობის დროს.
თუკი მომხმარებელმა აღმოაჩინა საქონლის ნაკლი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას. ამ დროს, მოვაჭრეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ საქონელს თავდაპირველად ნაკლი არ გააჩნდა. თუკი ნაკლი ამ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ (მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა) აღმოჩნდება, მაშინ მტკიცების ტვირთი მომხმარებლის მხარეს გადადის. აღნიშნული არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. ასეთ შემთხვევაში მოვაჭრის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია.
მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება, თუკი, შეუძლებელია შეკეთება/შეცვლა.
გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.
მომხმარებელს ამ ვადის განმავლობაში შეუძლია ისარგებლოს კომერციული გარანტიის პირობებით.

4. უსამართლო სტანდარტული პირობები და უსამართლო კომერციული საქმიანობა
ხშირ შემთხვევაში, მოვაჭრე მომხმარებელთან ურთიერთობის დროს იყენებს სტანდარტულ პირობებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტული პირობები არ უნდა იყოს უსამართლო. ბათილია უსამართლო სტანდარტული პირობები.
გარდა ამისა, კანონი კრძალავს უკანონო კომერციულ საქმიანობას. ასეთ საქმიანობად მიიჩნევა შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა.


უსამართლოდ მიიჩნევა შემდეგი საქმიანობა: 

ა) სანდოობის ნიშნის, ხარისხის ნიშნის ან სხვა, მსგავსი ნიშნის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების არსებობის გარეშე განთავსება;

ბ) ცრუ მითითება, რომ ქცევის კოდექსი საჯარო ან სხვა ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული; 

გ) იმის მტკიცება, რომ მოვაჭრეს (მის კომერციულ საქმიანობას) ან საქონელს ან მომსახურებას საჯარო ორგანოსგან ან კერძო პირისგან მიღებული აქვს თანხმობა, ნებართვა, ლიცენზია, ავტორიზაცია, აკრედიტაცია და სხვა, მათი არარსებობის შემთხვევაში, ან მტკიცება იმისა, რომ თანხმობის, ნებართვის, ლიცენზიის, ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სხვათა მიღებისთვის სავალდებულო პირობები შესრულებულია, თუ ეს პირობები შესრულებული არ არის;

დ) საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, რომლის საფუძველზედაც მოვაჭრე ვარაუდობს, რომ თავად ან სხვა მოვაჭრის საშუალებით ვერ შეძლებს ამ საქონლის ან მომსახურების ან მსგავსი საქონლის ან მომსახურების იმ დროში, იმ რაოდენობითა და იმ ფასად მიწოდებას, რომლებიც აღნიშნული საქონლიდან ან მომსახურებიდან, რეკლამირების მასშტაბიდან და შეთავაზებული ფასიდან გამომდინარეობს (შეცდომაში შემყვანი რეკლამა);

ე) საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე ან შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმა ან/და ნაკლის მქონე საქონლის ნიმუშის დემონსტრირება სხვა საქონლის გაყიდვის ხელშეწყობის განზრახვით;

ვ) ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ან მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და მას არ მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად;

ზ) განაცხადის გაკეთება ან შთაბეჭდილების შექმნა, რომ შეიძლება კანონით აკრძალული საქონლის ან მომსახურების გაყიდვა;

თ) მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების შესაძლებლობის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს მოვაჭრის კეთილი ნება და შეთავაზების განსაკუთრებული პირობაა;

ი) ცრუ მტკიცება იმ რისკის სახეობისა და მასშტაბის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის ან მისი ოჯახის პირად უსაფრთხოებასთან, თუ მომხმარებელი საქონელს ან მომსახურებას არ შეიძენს;

კ) ისეთი პირამიდული სქემის ჩამოყალიბება ან მართვა ან მისი განვითარების ხელშეწყობა, რომელშიც მომხმარებელს უჩნდება მოლოდინი, რომ იგი ფინანსური სარგებლის უმეტეს წილს მიიღებს არა საქონლის ან მომსახურების გაყიდვით ან მოხმარებით, არამედ პირამიდულ სქემაში სხვა მომხმარებლების ჩართვით;

ლ) განაცხადის გაკეთება, რომ მოვაჭრე აპირებს ვაჭრობის შეწყვეტას ან ადგილმდებარეობის შეცვლას, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება;

მ) ცრუ მტკიცება, რომ საქონელს ან მომსახურებას შეუძლია დაავადებისგან ან დისფუნქციისგან განკურნება ან განვითარების ნაკლის გამოსწორება;

ნ) ბაზრის პირობების ან საქონლის ან მომსახურების მოძიების შესაძლებლობის შესახებ არსებითად არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმ მიზნით, რომ მოვაჭრემ მომხმარებელი საქონლის ან მომსახურების ბაზრის პირობებზე ნაკლებად ხელსაყრელი პირობით შეძენაზე დაიყოლიოს;

ო) კონკურსის გამოცხადება ან ჯილდოს საჯაროდ დაპირება შემდგომ ჯილდოს ან მისი გონივრული ეკვივალენტის გადაცემის გარეშე;

პ) განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ან მომსახურება უსასყიდლოდ არის შეთავაზებული, თუ მომხმარებელს, საქონლის ან მომსახურების მიღებისთვის ან ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების გარდა, დამატებითი თანხის გადახდა უწევს;

 ჟ) მარკეტინგულ მასალაში ანგარიშფაქტურის/ზედნადების ან გადახდის დამავალდებულებელი სხვა დოკუმენტის ჩადება, რაც მომხმარებელს შეუქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ მან საქონელი ან მომსახურება შეუკვეთა, მაშინ, როდესაც ის მას არ შეუკვეთია;

 რ) ცრუ განაცხადის გაკეთება ან შთაბეჭდილების შექმნა, რომ მოვაჭრე არ მოქმედებს სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან პროფესიული მიზნით, ან მოვაჭრის მიერ თავის მომხმარებლად გასაღება;

 ს) მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა, რომ შესყიდვისშემდგომი მომსახურება სხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი; 

ტ) მოვაჭრის დაკვეთით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქონლის ან მომსახურების იმგვარად რეკლამირება, რომ რეკლამის შინაარსით, გამოსახულებით ან ხმით რეკლამის ამოცნობა მომხმარებლისთვის შეუძლებელი იყოს; 

უ) მწარმოებლის მიერ სხვა მწარმოებლის საქონლის ან მომსახურების მსგავსი საქონლის ან მომსახურების განზრახ იმგვარად რეკლამირება, თითქოს ეს საქონელი ან მომსახურება იმავე მწარმოებლის მიერ არის წარმოებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს;

ფ) იმის მტკიცება, რომ აზარტული თამაშობისას საქონელმა ან მომსახურებამ მომხმარებელს შესაძლოა მოგება მოუტანოს;

ქ) ნასყიდობისშემდგომი სამომხმარებლო მომსახურების გაწევა ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენისგან განსხვავებულ ენაზე, რომელიც არ არის საქართველოს სახელმწიფო ენა, მომხმარებლისთვის ამის შესახებ ინფორმაციის ნასყიდობის გარიგების დადებამდე გარკვევით მიწოდების გარეშე.

აკრძალულია აგრესიული კომერციული საქმიანობაც.
აგრესიულ საქმიანობად მიიჩნევა: 

ა) შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს სარეწის ტერიტორიის დატოვებას მანამ, სანამ ხელშეკრულებას არ დადებს;

ბ) მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მოვაჭრის მიერ მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრის მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;

გ) მომხმარებლისთვის სისტემატურად, ტელეფონით ან დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებით არასასურველი შეთავაზებების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;

დ) რეკლამაში ბავშვისთვის პირდაპირ მოწოდება, შეიძინოს რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება ან დაარწმუნოს მშობლები ან სხვა სრულწლოვანი პირები, უყიდონ მას ეს საქონელი ან მომსახურება;

ე) მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომ, თუ იგი არ შეიძენს საქონელს ან მომსახურებას, მოვაჭრის საქმიანობას ან სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება;

ვ) მცდარი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელმა მოიგო, მოიგებს ან გარკვეული მოქმედების შესრულების შედეგად მოიგებს პრიზს ან მიიღებს სხვა, მსგავს სარგებელს, მაშინ, როდესაც პრიზი ან სხვა, მსგავსი სარგებელი დაწესებული არ არის, ან ისეთი მოქმედების შესრულების მოთხოვნა, რომლის შედეგადაც მომხმარებელმა შესაძლოა მოიგოს ჯილდო ან მიიღოს სხვა, მსგავსი სარგებელი, თუმცა ამ მოქმედების შესრულება დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ფულის გადახდასთან ან სხვა, დამატებითი ხარჯის გაწევასთან;

ზ) მომხმარებლისგან, რომელსაც სურს, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, ისეთი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის უფლების არსებობის დასადგენად აუცილებელი არ არის, ან მომხმარებლის უფლების შეზღუდვის მიზნით მისი მიმოწერის რეაგირების გარეშე დატოვება;

თ) მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთია, და ამისთვის საქონლის ან მომსახურების ფასის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მოთხოვნა, ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ საქონლის ან მომსახურების მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.